English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლინა დათუნაშვილი
მემცენარეობის ზოგიერთი კულტურისა და დარგის განვითარების ღონისძიებები საქართველოში

რეზიუმე 

საქართველოში ეროვნული მეურნეობის ძირითადი დარგებიდან სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული როლი და ადგილი უკავია. მიუხედავად დარგის სიცოცხლისუნარიანობისა, იგი ბოლო 15 წლის მანძილზე ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან, რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2002-2016 წლებში 577 ათასი ჰა-დან 240 ათას ჰა-მდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობი. პარალელურად იკლო აღნიშნული ფართობებიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობამ, 674,4 ათასი ტ-დან 429,8 ათას ტ-მდე, რაც, ვფიქრობთ, სხვა მიზეზებთან ერთად, ქვეყანაში საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლამ და ნაჩქარევად გატარებულმა აგრარულმა რეფორმამ განაპირობა. შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა წვრილი გლეხური მეურნეობები, რომელიც თავისი ნატურალური ხასიათით ორიენტირებულია პირად მოხმარებაზე და არ იძლევა სასაქონლო წარმოების განვითარების შესაძლებლობას. პრობლემის შერბილების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია:

_ მიწის პრივატიზაციის შედეგად დაქუცმაცებული ფართობების კონცენტრაცია კოოპერატივების, ამხანაგობების, სააქციო საზოგადოებების და სხვა მეურნეობრივი ფორმების შექმნით, სადაც ეფექტურად იქნება გამოყენებული თანამედროვე ტექნიკა, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელით შრომის მაღალ ხვედრით წილს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ნატურალურ ფორმას თანდათან ჩაანაცვლებს სასაქონლო პროდუქციის წარმოება;

_ სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების, ამხანაგობების, სააქციო საზოგადოებების და სხვა მეურნეობრივი ფორმების განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის აგროპოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქნეს აღიარებული;

_ მიწას, როგორც სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარების ძირითად საშუალებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის შემდგომი აღმავლობისათვის. დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სხვადასხვა მიზეზით შემცირების ტენდენციით ხასიათდება. იმის გარდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გამოიყენება ქვეყნის რიგი საჭიროებისათვის, როგორიცაა გზებისა და ხიდების, ასევე სხვადასხვა დანიშნულების შენობების მშენებლობისათვის, გაზისა და ნავთობის მილგაყვანილობებისათვის და სხვა, დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების მდგომარეობა არასახარბიელოა;

_ სავარგულების დიდი ნაწილი დეგრადირებული, ეროზირებული, გატყიურებული და გაუდაბნოებულია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია _ როგორც არსებული სარწყავი მიწების, ისე დაშრობილი მიწის ფართობების რეკონსტრუქცია;

_ დროული აგროტექნიკული ღონისძიებების გატარება;

_ მივიწყებული თესლბრუნვის სისტემის შესაძლებლობის მიხედვით აღდგენა;

_ ორგანული და მინერალური სასუქების დოზირებულად და ვადების დაცვით გამოყენება;

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირების მიუხედავად, ფაქტობრივად წარმოებული პროდუქციის მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა:

_ პროდუქციის შესანახი შენობა-ნაგებობების, დამხარისხებელი, შემფუთავი, სამრეწველო გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა-ფუნქციონირება და მაღალორგანიზებული სადისტრიბუციო სამსახურების გამართული საქმიანობა.

ერთწლიანი კულტურებიდან მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობი ქვეყნის რეგიონების მიხედვით 2000-2016 წლებში 386,4 ათასი ჰექტრიდან 240,0 ათას ჰექტრამდე შემცირდა.

მარცვლოვან და მარცვლოვან-პარკოსან კულტურებში ხორბლისა და სიმინდის კულტურას საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ხორბლის მოსავალი რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი იყო 2001 და 2003 წლებში, როდესაც საქართველოში 306,5 და 225,4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს, რასაც ხელი შეუწყო ხორბლის საშუალო მოსავლიანობის ზრდამ შესაბამისად 2,7ტ/ჰა-თი და 1,9ტ/ჰა-თი. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულ წლებში ხორბლის მაღალი მოსავლის პირობებში გაძნელდა მისი რეალიზაცია, რაც ნაწილობრივ ქვეყანაში წარმოებული ხორბლის მაღალმა თვითღირებულებამ და შესაბამისად მაღალმა ფასმაც განაპირობა, რომელიც იმპორტული ხორბლისა და ფქვილის ფასზე მაღალი იყო, რის გამოც ქვეყანაში წარმოებული ხარისხიანი ხორბლის დიდი ნაწილი საფურაჟედ იქნა გამოყენებული. ამ და სხვა ფაქტორებმა გარკვეული ზომით ხორბლის მწარმოებელი ფერმერების იმედგაცრუება გამოიწვია და შემდგომ წლებშიც იქონია გავლენა ხორბლის წარმოების შემცირებაზე.

მთელი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც დიდია მოთხოვნილება ხორბალსა და სიმინდზე, როგორც ძვირფას საკვებსა და საფურაჟე კულტურაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე თბილისის ბაზარზე ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასი 70-90 თეთრს არ აღემატებოდა. 2007 წლის გაზაფხულზე ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასი 1,50 ლარი გახდა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე მისი ფასი ორ ლარს გაუტოლდა. სიმინდის ფქვილზე ფასების მატება, ვფიქრობთ, სიმინდის ნათესი ფართობისა და მისი წარმოების შემცირებამ, შესაბამისად: 104,5 ათასი ჰა-თი და 136,4 ათასი ტ-ით, ასევე მასზე მოთხოვნილების ზრდამ და ინფლაციურმა პროცესმაც განაპირობა.

ბოლო პერიოდში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები მარცვლოვან კულტურებს ფართოდ იყენებენ მწვავე ენერგეტიკული პრობლემის შესარბილებლად, ენერგოსაწვავის _ ეთანოლის მისაღებად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინის ნაცვლად გამოიყენება. მსოფლიოში ბოლო წლებში ხორბლისა და სიმინდის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად აზიის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის მიერ მარცვლოვანი კულტურების მოხმარების ზრდამ და აღნიშნული პროდუქტების დიდი რაოდენობით ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენებამ განაპირობა. ენერგეტიკული მიზნებით (საწვავის მისაღებად) ამ კულტურების გამოყენება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ კულტურებზე ფასების კიდევ უფრო გადიდებას. მარცვლოვან კულტურებზე ფასების ზრდა იწვევს მეცხოველეობის პროდუქტებზე ფასების შესაბამის გადიდებას.

საქართველოში 2001-2003 წლებში მარცვლოვანი კულტურების მაღალი მოსავალი გვაფიქრებინებს ამ კულტურების წარმოებაში დიდი რეზერვის არსებობას, რომელიც ეფექტურად უნდა გამოიყენონ მარცვლეულის მწარმოებელმა ფერმერებმა, რამდენადაც მარცვლეულის წარმოება მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების საფუძვლად არის მიჩნეული. ამიტომ ყველა ღონისძიებით უნდა ავამაღლოთ მარცვლეული კულტურების წარმოება საქართველოში, რათა გარკვეული ზომით დავაკმაყოფილოთ ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილება აღნიშნულ სურსათზე. აუცილებელია, მარცვლეულის წარმოების გადიდებასთან ერთად, ფერმერებს გააჩნდეთ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციისათვის მყარი გარანტიები, რასაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს საკონტრაქტო სისტემის დანერგვა.

წლების მანძილზე საქართველოში ტექნიკური კულტურებიდან გავრცელებული იყო მზესუმზირის, თამბაქოსა და სხვათა წარმოება.

იმის გამო, რომ ქვეყანაში წარმოებული მზესუმზირის თესლზე მოთხოვნა დაბალი იყო და მისი რეალიზაცია ფერხდებოდა, შემცირდა მისი როგორც ნათესი ფართობი, ისე წარმოება, შესაბამისად: 39,5 ათასი ჰა-თი და 18,0 ათასი ტ-ით. ბოლო პერიოდში სურათი შეიცვალა. სასურსათო პროდუქტებზე, მათ შორის იმპორტულ ზეთზე ფასების მატება ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლებას.

_ მზესუმზირის ზეთის გამოსახდელად კახეთის რეგიონში უნდა აშენდეს მცირე სიმძლავრის, ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი საამქროები. ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ ბიზნესმენები, რადგან ქვეყანაში წარმოებული მზესუმზირის თესლი და მისგან დამზადებული ზეთი ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი აღნიშნული სახის პროდუქცია.

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოჰყავთ მაღალი ხარისხის თამბაქო, რომლის ნათესები ძირითადად გაადგილებულია აჭარის არ მაღალმთიან, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში; ქვემო ქართლის _ მარნეულის; კახეთის რეგიონის _ ლაგოდეხის რაიონებში.

მეთამბაქოეობა მაღალშემოსავლიანი დარგია, ამიტომ ქვეყანაში თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესი დარგის განვითარებისადმი დიდია. საქართველოში წარმოებული თამბაქო გამოირჩევა საუკეთესო არომატით, უხვი მოსავლით, მაღალი ხარისხითა და ნიკოტინის დაბალი შემცველობით. მეთამბაქოეობის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია ამ დარგით დაინტერესებულ ბიზნესმენებზე და მათ მიერ დარგში ჩასადები ინვესტიციების მოცულობაზე.

კარტოფილის წარმოება დღეისათვის მსოფლიოში ხორბლის წარმოების შემდეგ ერთ-ერთ საპატიო ადგილზეა. იგი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რაც მისი მაღალი კვებითი ღირებულებით და მრავალმხრივი გამოყენებით არის განპირობებული. 2002-2016 წლებში შემცირდა კარტოფილის როგორც ნათესი ფართობი, ისე წარმოება, შესაბამისად: 17,4 ათასი ჰა-თი და 166,3 ათასი ტ-ით.

მეკარტოფილეობის შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია: კარტოფილის წარმოების ასამაღლებლად გაუმჯობესდეს რეგიონების მოსახლეობის უზრუნველყოფა ამ კულტურის მაღალმოსავლიანი ჯიშებით.

_ ამისათვის აუცილებელია, განვითარდეს სპეციალიზებული სათესლე და სანერგე მეურნეობები.

_ ასევე საჭიროდ მიგვაჩნია სერვისცენტრების შექმნა, რომლებიც ფერმერისაგან მისაღებ ფასად, ადგილზე შეიძენენ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახის პროდუქციას და ამით შეღავათს მისცემენ მათ როგორც მატერიალური ხარჯების, ისე დროის ეკონომიის თვალსაზრისით. კარტოფილის სამრეწველო გადამუშავებისათვის, ასევე კარტოფილის გადასაზიდი ხარჯებისა და სასაწყობო მეურნეობებში მისი შენახვით გამოწვეული დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ვფიქრობთ:

 _ რაციონალური და მიზანშეწონილი იქნება, ამ კულტურის მოსაყვანად გამოყენებულ ფართობებზე აშენდეს კარტოფილისგან სახამებლის და სხვა სახის პროდუქციის საწარმოებლად მინიქარხნები ან მცირე სიმძლავრის ახალი დანადგარებით აღჭურვილი საამქროები.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისა და დარგის შემდგომი განვითარების მიზნით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას. ახლო მომავალში უნდა ამაღლდეს იმ კულტურებისა და დარგების ხვედრითი წილი, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნას სურსათზე.

 _ ამ ეტაპზე მარცვლოვანი კულტურების წარმოების ამაღლებას ყველა დონეზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენადაც საქართველოში, გარკვეული ხელშეწყობით, ამ დარგის შემდგომი განვითარებისათვის ყველა პირობა და შესაძლებლობა არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში გაიზარდა მარცვლეულზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც. ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო შეუქცევადია. ამიტომ მარცვლოვანი კულტურების ადგილობრივი წარმოების გადიდებით უნდა მივაღწიოთ სურსათის ამ სახეობაზე მოსახლეობის მოთხოვნილების გარკვეული ზომით დაკმაყოფილებას.

_ საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს როლი უნდა განისაზღვროს სოფლის მეურნეობის დარგებისადმი დიფერენცირებული მიდგომით, რაც პრიორიტეტების დადგენასა და მათზე სახელმწიფოს ხელშემწყობ ღონისძიებათა თავმოყრაში, ჩამოყალიბებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში უნდა გამოიხატოს.

ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მეხილეობა საქართველოში საუკუნეების მანძილზე კარგად განვითარებულ დარგს წარმოადგენდა.

საქართველოში პირველი სამრეწველო ხეხილის ბაღების მასიური გაშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დამდეგისათვის საქართველოში ფუნქციონირებდა ხეხილის 25 სანერგე მეურნეობა, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4,5-5 მლნ ნერგი მზადდებოდა.

ხილის სტრუქტურაში მაღალია თესლოვანიხილის (ვაშლის, მსხლის) ხვედრითი წილი. ადგილობრივი ჯიშის თესლოვან ხილს გამძლეობის, ტრანსპორტაბელურობისა და შენახვის კარგი უნარი ახასიათებს. საანგარიშო პერიოდში შემცირდა თესლოვანი ხილის წარმოება.

ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, კურკოვახილი (ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, ტყემალი) გავრცელებულია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ბოლო პერიოდში საქართველოში კურკოვანი ხილის წარმოება 20,2 ათასი ტ-ით გაიზარდა.

კაკლოვანი ხილი მეტ-ნაკლები ზომით გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. განსხვავებით ხილის სხვა სახეობებისაგან, კაკლოვანი ხილის წარმოება 2000-2014 წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო 2016 წელს კი შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში კაკლოვანებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თხილმა, როგორც საექსპორტო კულტურამ, მაგრამ 2016 წელს მწერის _ ფაროსანას გავრცელებამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვნად შეამცირა მისი მოსავალი. ეს კულტურა გაადგილებულია ძირითადად გურიის, იმერეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის და დანარჩენ რეგიონებში.

მეხილეობის განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

_ ხილის წარმოების, ნაყოფის დახარისხების, შეფუთვისა და მათი საცავებში შენახვის, აგრეთვე ტრანსპორტირების საკითხის დასარეგულირებლად მებაღეების მიერ წარსულში გავრცელებული პრაქტიკის _ კოოპერატივებისა და ამხანაგობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელთა საფუძველზეც შეიძლება საკუთარი მცირე წარმადობის მქონე ხილის გადამამუშავებელი საამქროების ფორმირება და ფუნქციონირება.

 _ ხეხილის ბაღების ფორმირებისას სასურველია ხეების გასხვლა და მათთვის ნაკლებ შრომატევადი პალმისებრი ფორმის მიცემა. მეხილეობის განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ხეების ასეთი ფორმით ჩამოყალიბების პროცესს. მაღალი ოსტატობით ჩატარებული გასხვლით მებაღეები უფრო ადვილად აღწევენ ტოტებზე კვირტების განლაგების, ხილის ზომისა და ფორმის რეგულირებას.

_ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის შესაბამისად უნდა შეიცვალოს სოფლად ფერმერების მომსახურება. სასურველია, ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო სამსახური, რომელიც, სხვადასხვა სახის მომსახურებასთან ერთად, ამ დარგში მეცნიერების უახლეს მიღწევებს გააცნობს მებაღეებს.

_ საჭიროა სოფლად მეურნეობების მაღალხარისხიანი სტანდარტული ნერგებით მომარაგების უზრუნველყოფა. მუშაობა ძირითადად უნდა წარიმართოს ვირუსისა და ხეხილის ნარგავთა სხვადასხვა დაავადებების მიმართ გამძლე საძირეებზე გაუმჯობესებული ჯიშების სელექციის მიმართულებით.

_ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ამ დარგში დასაქმებული სამეცნიერო დაწესებულებების დაკავშირება მეხილეობის კლასიკური ქვეყნების სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან მათთან ამ დარგში მიღებული ახალი მეცნიერული მიღწევების ურთიერთგაზიარებისა და გაცვლის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს მეხილეობის შემდგომ განვითარებას.

_ ახლო პერსპექტივაში სამრეწველო მეხილეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა თავისი ინფრასტრუქტურით საბაზრო ეკონომიკის რელსებზე უნდა დადგეს, რასაც ხელი უნდა შეუწყოს ხელსაყრელი ინვესტიციების მოზიდვამ, მეცნიერული მიღწევების დანერგვამ და ქართველი მეურნის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ამ ტრადიციული დარგის მიმართ.